მე, ჩაის ჭიქა და ნაძვი 11:45





დილიდან მარცხენა ფეხზე ავდექი. რატომღაც ავიტეხე ახალ წელს არაფერი არ გავაკეთოთ, უბრალოდ დავწვეთ და დავიძინოთ მეთქი. არც საჭმელი მინდოდა, არც ის სულელური ფეიერვერკები, არც უტვინო ჩირი, არც თოვლი და არც ნაძვის ხე, ხო განსაკუთრებით ნაძვის ხე არ მინდოდა. უბრალოდ მინდოდა მშვიდად დამეძინა.

,,რა უტვინოები ვართ ადამიანები“–ავბუზღუნდი– ,,რაღაც ნაგავში ვყრით ფულს და მერე ვწუწუნებთ რატომ გვიჭირსო, რაც კი იჭმევა ყველაფერს მუცელში ვიყრით და მერე ისევ ვწუწუნებთ რატომ ვსუქდებიო“
ხო.. აი გასუქება ნამდვილად ცუდი რამე იყო. უეცრად საზიზღარი გულისრევის შეგრძნება მქონდა და ტუალეტისკენ გავვარდი.გამეხარდა კიდეც, რატომღაც მეგონა, რომ  ახლა აღარ გავსუქდებოდი. სისულელეა ყველაფერი.
დილიდანვე დედაჩემის მოთაფლვას შევუდექი, იქნებ ნაძვის ხე არ დადგას–მეთქი, მაგრამ არაფერი გამომივიდა. ეს ისეთი არაფერი, აბა როდის იყო მე რამე გამომდიოდა.
,,მახინჯი ნაძვის ხე, მახინჯი ზამთარი, მახინჯი თოვლი!“– გავიფიქრე , მაგრამ სახეზე ეს დიდად არ შემტყობია.

დედაჩემმა ძველი, საშუალო სიმაღლის ნაძვის ხე გადმოიღო, რომელიც დაახლოებით 10–12 წლის წინ ვიყიდეთ და იქიდან მოყოლებული ყოველწელს მამწარებდა და მბოღმავდა.  ბოლოს და ბოლოს როდემდე შეიძლება, ან ახალი იყიდონ , ან მოაშორონ აქედან, არადა მახსოვს პატარაობაში სულ ვოცნებობდი დიდ ლამაზ ნაძვის ხეზე. აი ისეთზე ფილმებში რომ აჩვენებდნენ და არა ამ ჯართზე. ყოველთვის მინდოდა ცეცხლი წამეკიდებინა და მთლიანად ჩამეფერფლა. ის ძველი, უბრალო სათამაშოებითა და ნახევრად დაწყვეტილი, თხელი წვიმებით მორთეს.
–აბა, როგორია? – აღტაცებით მკითხა დედაჩემმა.
–ეს სათამაშოები სსრკ–ს დროსაა ხო ნაყიდი?– ეს კითხვა რატომღაც ხუმრობაში ჩამითვალა დედამ.
მაშინ, როდესაც მე ამ პლასტმასის ნაგლეჯის მორთვაში მომაწილეობას არ ვიღებდი, იწყებოდა მამაჩემის პრეტენზიები: ,,რას მიკეთებს ერთი ვიცოდე უსაქმურად რომ წამომჯდარა!“ ,,ნაძვს ბავშვები უნდა რთავდნენ და არა უფროსები!“  ხო, აბა რა ,,ნაძვს“...
,,ერთ დღეს აუცილებლად დავჩეხავ, დავანაკუწებ ამ სიმახინჯეს!“  –ვფიქრობდი გულგატეხილი, მაგრამ ეს დღე არა და არ დგებოდა. გადიოდა წლები, ის უფრო და უფრო საზიზღრად მეჩვენებოდა.
უკვე 24 წელი გავიდა ჩემი და ნაძვის თანაცხოვრების დაწყებიდან. მშობლების სახლიდან გადავედი დაცალკე დავიწყე ცხოვრება. შემოდგომა იწურებოდა. ბინიდან გადასვლისას ოჯახის წევრებმა ორად ორი რამ გამომატანეს: ჩემი ჩაის ჭიქა და ეს დაწყევლილი ნაძვი.





31 დეკემბერი... ამ დღეს გავაცნობიერე, რომ ნაოჭები გამჩენოდა და ამ ხეზე მეტად საკუთარი თავი შემძულდა. წარმოუდგენლად ციოდა, მაგრამ რატომღაც ნახევრადშიშველს მეძინა. წამოვდექი. ტანზე არც არაფერი ჩამიცვამს. ავიღე წლების წინ სახლიდან წამოღებული ჩაის ჭიქა, ნახევრამდე გავასე ცხელი შოკოლადით და ფრთხილად მოვსვი. ისევ ის ძველი ნაძვის ხე გავშალე და უშნო სათამაშოებით მოვრთე. მერე კი... მერე უეცრად გადაყირავდა და შუაზე გადატყდა. დაახლოებით 40 წუთი უაზროდ ვიდექი და ვტიროდი...

0 comments:

Post a Comment

Leave a Comment