გაბზარული სარკე ანუ დავიბრუნებ რაც დავკარგე 19:48


დაბრუნდა.არ ვიცი რატომ, არ ვიცი როგორ და არც მაინტერესებს. როგორც ყოვეთვის , იმ თავის სულელურ, გაბზარულ სარკეს მიადგა. სარკეს ზედ უცნაური სტაფილოსფერი ლაქები ჰქონდა. ისიც ისევე მეზიზღებოდა, როგორც ყველაფერი დანარჩენი ამ ოთახში. უცნაურია, დღეს რაღაც ძალიან მშვიდად გამოიყურებოდა, არც ისტერიული სიცილი არ აუტეხავს. დუმდა... დუმდა როგორც შორეულ მინდორში გაბნეული ქვები. ისიც ისეთივე გაყინული და უემოციო იყო როგორც ქვა. წითური, გრძელი თმა ქერად გადაეღება და მოკლედ შეეჭრა.
,,არ უხდება“–გავიფიქრე გულში–,, შუბლზეც უშნოდ აქვს შეჭრილი“
ქურთუკი შეიხსნა. შიგნიდან პირქუში, გახუნებული ლურჯი როლინგი და მუ ფერის ჯინსი ეცვა, რომელიც აშკარად დიდი ჰქონდა და საერთოდაც დიდი ხნის წინ უნდა გადაეგდო. როლინგი ფრთხილად გაიხადა და სარკის წინ საკუთარ თავს მიაშტერდა. ძალიან გამხდარიყო, ავადმყოფურად გაოიყურებოდა, მომაკვდავს გავდა. პრინციპში, შეიძლება მართლაც მომაკვდავი იყო. რამოდენიმეჯერ ღრმად და ხმაურიანად ჩაისუნთქა უგემური ჰაერი, მერე კი თითქოს საერთოდ აღარ ამოუსუნთქავს.
ქუთუთოები ჩაშავებული ჰქონდა, ლოყები–ჩავარდნილი. ფეხები მაჯის სისქისა დარჩენოდა.
მე საწოლზე მივწექი და ბრჩხილების ქლიბვა გავაგრძელე. ღრმად ჩავისუნთქე და ახლაღა ვიგრძენი, რომ ჰაერში რატომღაც მიცვალებულის სუნი იდგა, მაგრამ ამას ჩემთვის ზიზღი არ მოუგვრია. სუნმა ჩემს მთელს სხეულს შემოუარა და მერე ისევ გარეთ გამოაღწია ფილტვებიდან, ისე სწრაფად თითქოს ცხრაკლიტულიდან გაქცეული მონა ყოფილიყო.
4 წუთი... ზუსტად 4 წუთი ვაკვირდებოდი და არცერთხელ არ განძრეულა.
,,ჯანდაბა! ესგახრწნილი ძვლების გროვა თვალსაც კი არ ახამხამებს.“ გავიფიქრე , მაგრამ მისთვის არაფერი მითქვამს.

ოთხწუთიანი დუმილის შემდეგ ვენებიდან სისხლი წასკდა. მაინც არ განძრეულა. მალე მთელი ოთახი სისხლმა შეღება, რომელიც ბრწყინავდა და ანათებდა. ანათებდა კიდევ უფრო ძლიერ ვიდრე ვარსკვლავების ჯგუფი მოწმენდილ ცაზე ან კიდევ ზაფხულის მზე. ნათებამ თვალი მომჭრა, მერე თითქოს ფეხქვეშმიწა ერთიანად გამომეცალა და უფსკრულში ჩავვარდი. თვალები გავახილე... ის, უფრო სწორად კი მისი სხეული სარკის წინ ეგდო.

საწოლიდან წამოვდექი და ფანჯრიდან გავიხედე . მზე ჩადიოდა. ვიგრძენი როგორ ტოვებდა ჩემს სხეულს სითბო და ისიც მზესთან ერთად ქრებოდა.
გოგონას ძალაგამოცლილ სხეულს შევხედე.
–ნეტავ ეს რატომ გააკეთა?–ვიკითხე საკმაოდ ჩუმად და საკმაოდ უემოციოდ.
–ალბათ ისევ მეგობრებმა დასცინეს – რატომღაც სიცილით მიპასუხა გაბზარულმა სარკემ, რომელშიც ჯერ კიდევ ჩანდა ჯანმრთელი, მომღიმარი წითური გოგონას ანარეკლი,– ან კიდევ უბრალოდ დაიღალა.
–დაიღალა?
–ხო, ვეღარ გაუძლო ამდენ წარუმატებლობას და ზიზღს.
ქლიბი სადღაც იქვე მივაგდე და სახლიდან უხმოდ გამოვედი.

ქუჩას ბარბაცით გამოვუყევი და თან ფიქრი დავიწყე. ვფიქრობდი მასზე... ფიქრებში გადიოდა წამები, წუთები, საათებიც კი... ბოლოს კი ერთ რამეს მივხვდი. ის ძვლების გროვა არ ყოფილა, ის ჩემი ნაწილი იყო, ის მე ვიყავი და ის მევე ჩავკალი ჩემში. ის იყო იმედი, ის იყო სითბო რომელიც მზის ჩასვლისას გაუჩინარდა.
მაინც რა არის იმედი ხან გამოჩნდება, ხან დროებით მიიმალება. ხან სულ ჩვენთან არის, ხანაც კი ისე კვდება თითქოს არც არასდროს არსებულა.
ჩემი იმედი უბრალოდ გაქრა. დამტოვა, როგორც მზემ წყვდიადში.
,,ვეღარგაუძლო ამდენ წარუმატებლობას და ზიზღს"– სარკე მართალი იყო, სარკე არასდროს არ ცდება თუნდაც გაბზარული და ლაქებიანი იყოს.
მივდიოდი უაზროდ, უიმედოდ და გზის მაგივრად ჩემს უცნაურ ფეხსაცმელს დავყურებდი. მერე მზე ამოვიდა, ამოვიდა და ისევ ჩაიღვარა ჩემს სხეულში სითბო.

,,ოდესმე აუცილებლად დავიბრუნებ რაც დავკარგე“– გავიფიქრე და გზა განვაგრძე.

0 comments:

Post a Comment

Leave a Comment